ნენსი პელოსი კაპიტოლიუმიდან კონფედერატების ძეგლების გატანის ინიციატივით გამოვიდა
ნენსი პელოსი კაპიტოლიუმიდან კონფედერატების ძეგლების გატანის ინიციატივით გამოვიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, დემოკრატი ნენსი პელოსი კაპიტოლიუმიდან კონფედერატების ძეგლების გატანის ინიციატივით გამოვიდა.

ნენსი პელოსის განცხადებით, კაპიტოლიუმში განთავსებული 11 ძეგლი პატივს მიაგებს სიძულვილს და არა მემკვიდრეობას, რის გამოც ისინი შენობიდან უნდა იყოს გატანილი.

„როგორც უკვე ვთქვი, კონგრესის დარბაზები არის ჩვენი დემოკრატიის გული. კაპიტოლიუმში არსებული ქანდაკებები უნდა განასახიერებდეს ჩვენს, როგორც ამერიკელების უმაღლეს იდეალებს, გამოხატავდნენ თუ ვინ ვართ და ვინ გვსურს ვიყოთ, როგორც ერი. მამაკაცების ძეგლები, რომლებიც მხარს უჭერდნენ სისასტიკეს და ბარბაროსობას, რათა მიეღოთ ასეთი მკაფიოდ რასისტული დასასრული, გროტესკული შეტევაა ამ იდეალებზე. მათი ქანდაკებები პატივს სცემენ სიძულვილს და არა მემკვიდრეობას. ისინი უნდა მოიხსნას“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამხედრო ბაზების სახელები, რომლებიც პატივს მიაგებს კონფედერატების სამხედრო ლიდერებს, არ შეიცვლება.

კონფედერაცია სამხრეთ სახელმწიფოების ჯგუფი იყო, რომელიც ჩამოშორდა აშშ-ს, რათა შეენარჩუნებინა შავკანიან ხალხზე, როგორც მონებზე საკუთრების კანონიერი უფლება, რამაც გამოიწვია ყველაზე საშინელი ომი ამერიკის ისტორიაში. 1860-იან წლებში აშშ-ის სამოქალაქო ომს 500 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.