ნენსი პელოსი - ე.წ. შათდაუნის დროს დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით ვერ გამოვა
ნენსი პელოსი - ე.წ. შათდაუნის დროს დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით ვერ გამოვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და დემოკრატების დაპირისპირება გრძელდება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის თქმით, ე.წ. შათდაუნის დროს დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით ვერ გამოვა.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებს „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ 29 იანვარს ის კონგრესში სიტყვით მაინც გამოვა, რადგან ის უკვე მიწვეულია.

როგორც კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობაში მყოფი დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, ის „მოუთმენლად ელის ტრამპს კონგრესში, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ში ე.წ. შათდაუნი დასრულდება და სახელმწიფო უწყებების მუშაობას განაახლებენ“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ე.წ. შათდაუნი, რის გამოც სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა დიდი ნაწილი არ მუშაობს, 22 დეკემბრიდან მოქმედებს. ამის მიზეზი ტრამპის მოთხოვნაა, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი დოლარი გამოყონ, რაზეც დემოკრატები არ თანხმდებიან.