ნენსი პელოსი - დონალდ ტრამპმა გადაკვეთა კიდევ ერთი ზღვარი, რომელიც აშშ-ის დემოკრატიას ძირს უთხრის
ნენსი პელოსი - დონალდ ტრამპმა გადაკვეთა კიდევ ერთი ზღვარი, რომელიც აშშ-ის დემოკრატიას ძირს უთხრის

დონალდ ტრამპმა გადაკვეთა კიდევ ერთი ზღვარი, რომელიც აშშ-ის დემოკრატიას ძირს უთხრის,- ამის შესახებ წარმომადგენელთა პარტიის სპიკერმა, „დემოკრატიული პარტიის“ წევრმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა.

როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, ასე გამოეხმაურა ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის ვიზიტს პირველ ივნისს წმინდა იოანეს ეკლესიაში.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ის მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის სამხედროების გამოყენება დემონსტრაციებისა და არეულობების ჩასახშობად გამართლებული არ არის.

„არ არის არანაირი მიზეზი, რომ აშშ-ის შეიარღებული ძალები გამოიძახონ ამისთვის“, – აღნიშნა პელოსიმ და დასძინა, რომ ქვეყნის ფარგლებში საპროტესტო აქციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მიბაძავს თავის მრავალ წინამორბედს და იქნება მთავარი განმკურნებელი და არა ცეცხლის გამჩაღებელი“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ, რომელსაც საუბრისას ხელში ბიბლია ეკავა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს წმინდა იოანეს ეკლესიაში მისვლისას ხელში ასევე ბიბლია ეკავა. ის თეთრი სახლიდან ეკლესიამდე ფეხით მივიდა, მანამდე კი, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიის გასაწმენდად პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.