ნემსაძემ „დილაში“ ღუდუშაური მიიწვია - „დიდი საზღაური გადაიხადა, ახლა შანსი უნდა მიეცეს“
გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ გუნდში პაატა ღუდუშაური აიყვანა.
„მიმაჩნია, რომ გორის „დილას“ შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა, პაატა ღუდუშაური კი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნამატი იქნება და გუნდს აუცილებლად გააძლიერებს. ეს ბიჭი ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტია. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ისეთ ამბავში გაეხვა, რის გამოც დიდი საზღაურის გადახდა მოუწია. მაგრამ მომხდარს უზომოდ განიცდის და მიმაჩნია, რომ ფეხბურთში თავის გამოჩენის შანსი უნდა მიეცეს. იმედია, პაატას თამაშის უფლება მალე მიეცემა, რითაც არა მხოლოდ გორის „დილა“, მთლიანად ქართული ჩემპიონატი და ფეხბურთი იხეირებს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ნემსაძე.
პაატა ღუდუშაური პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე იყო ბრალდებული და 2019 წლის მაისში დააკავეს, მაგრამ შემდეგ გირაოთი გამოუშვეს. საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილებით, „ვიტ ჯორჯიას“ ყოფილ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია თამაშის ერთწლიანი აკრძალვით შეეცვალა, ანუ ღუდუშაური ფეხბურთში 2020 წლის დეკემბრიდან დაბრუნდება.