ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებიდან გარიცხვა ემუქრება
ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებიდან გარიცხვა ემუქრება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი, შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ საკუთარი საქციელის გამო. ბრაზილიელმა სტადიონზე ნერვები ვერ მოთოკა და სახეში ხელი გაარტყა გულშემატკივარს, რომელმაც ფეხბურთელის კრიტიკა დაიწყო.

ფრანგული და ბრაზილიური პრესის ცნობით, ნეიმარმა შესაძლოა ადგილი დაკარგოს ბრაზილიის ნაკრებში. ყველას ახსოვს ბრაზილიელთა დამრიგებლის, ტიტეს გადაწყვეტილება: თავის დროზე მან ნაკრებში არ გამოიძახა „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა, რომელმაც გულშემატკივარს შეაფურთხა. არსებობს უფრო მსუბუქი სასჯელის ვარიანტი – ნეიმარისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა.

საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის პროფესიული კომიტეტის სადისციპლინო სხდომა, რომელიც ნეიმარის ინციდენტს განიხილავს, ოთხშაბათს გაიმართება. ბრაზილიელს რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.