აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი ბაქოს „ნეფთჩი“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის დამატებას გეგმავს, – ინფორმაციას გამოცემა „აზერისპორტი“ ავრცელებს.
„ბაქოელებმა ქართველ ფორვარდ ვატო არველაძესთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. მოსალოდნელია, რომ სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მას კონტრაქტს ერთი წლით გაუფორმებენ კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების ოფციით“, – წერს გამოცემა „აზერისპორტი“ .
შეგახსენებთ, რომ 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა ვატო არველაძემ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, მერე პოლონურ კელჩეს „კორონაში“ გადავიდა.
არველაძე ბოლო 2 წელი თურქულ „ფატიჰ კარაგიუმრიუკში“ გამოდიოდა, მაგრამ ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა. 24 წლის თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში გიბრალტართან (3:0) სადებიუტო გოლი გაიტანა.