ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრის შესახებ შემოსავლების სამსახურმა ბიზნესომბუდსმენის დასკვნა გაითვალისწინა
ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრის შესახებ შემოსავლების სამსახურმა ბიზნესომბუდსმენის დასკვნა გაითვალისწინა

შემოსავლების სამსახურმა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა გაითვალისწინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ბიზნესობმუდსმენის აპარატს ნედლი ნავთობის შენახვის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით განცხადებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიმართა.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოთხოვნა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს.

შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და  ნედლინავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში)“, – ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნესომბუდსმენი განმარტავს, რომ ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმის არარსებობის გამო, კომპანიებს პრობლემები ექმნებოდათ, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.

„აღნიშნული სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო სტრატეგიული-სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას“, – აღნიშნავს ბიზნესომბუდსმენის აპარატი.