ნედ პრაისი - 30-წლიან პერიოდში საქართველოსთან პარტნიორობა გავხადეთ სტრატეგიული, ჩვენი სურვილია, განვაგრძოთ მუშაობა ევროატლანტიკური ერების ოჯახში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის 
ნედ პრაისი - 30-წლიან პერიოდში საქართველოსთან პარტნიორობა გავხადეთ სტრატეგიული, ჩვენი სურვილია, განვაგრძოთ მუშაობა ევროატლანტიკური ერების ოჯახში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის 

30-წლიან პერიოდში საქართველოსთან პარტნიორობა გავხადეთ სტრატეგიული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობაა ჩვენთვის და ჩვენი სურვილია, განვაგრძოთ მუშაობა ერთად საქართველოს მომავალის იმ ხედვაზე, რომელსაც ვიზიარებთ და რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკური ერების ოჯახში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას: „აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საკითხებში ექსპერტმა, ფიონა ჰილმა ბრუქინგის ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ აშშ-ის ყურადღება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისადმი და სიტყვის თავისუფლებისადმი არ ყოფილა საკმარისი. როგორ უპასუხებდით მათ, რადგან მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციის ლიდერები და დასავლური ორიენტაციის მქონე ქართველები კოლექტიურად მოგიწოდებდნენ აშშ-ს, დაგეწესებინათ სანქციები ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობაში. ასევე, არსებობს მზარდი შეშფოთება სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით, ასევე, მზარდ ავტორიტარიზმთან და ოლიგარქია ყვავის საქართველოში. ასე რომ, დაეთანხმებოდით კონდოლიზა რაისს და ფიონა ჰილს?“

„ეს იყო რამდენიმე ადმინისტრაციის პროექტი და ამიტომ ვფიქრობ, თქვენ მართალი ხართ, როდესაც მიუთითებთ იმაზე, რა თქვეს ფიონა ჰილმა და კონდოლიზა რაისმა. ეს იყო საქართველოს ხალხის პროექტი, მაგრამ ასევე პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც სათავეს იღებს საქართველოს დამოუკიდებლობიდან და ათწლეულები გრძელდება. თავიდანვე ჩვენ ვიყავით სოლიდარული ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და მათ მისწრაფებასთან, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმოდა დამაზიანებელი რიტორიკა, რომელიც მოდიოდა მათგან, ვინც შესაძლოა, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვისაუბრეთ ზემოთ ნახსენებ კანონზეც. ეს ყველაფერი როდესაც ვნახეთ და მოვისმინეთ, გამოვიყენეთ ჩვენი ხმა როგორც საჯაროდ, ისე კონფიდენციალურად. ელჩი დეგნანი და გუნდი თბილისში ღრმად იყვნენ ჩართული და ასრულებდნენ ამ პარტნიორობის სამუშაოს მათ ქართველ კოლეგებთან ერთად, და არა მხოლოდ ბოლო კვირებში, არამედ უკვე 30 წელია. ამ 30-წლიან პერიოდში საქართველოსთან პარტნიორობა გავხადეთ სტრატეგიული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობაა ჩვენთვის და ჩვენი სურვილია, განვაგრძოთ მუშაობა ერთად საქართველოს მომავლის იმ ხედვაზე, რომელსაც ვიზიარებთ და რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკური ერების ოჯახში. საქართველოს, რომელიც არის ევროპის ნაწილი. საქართველოს, რომელიც არის გამთლიანებული, თავისუფალი და მშვიდობიანი. ცხადია, ბევრი გამოწვევა არსებობს, ზოგი შიგნით საქართველოში და ზოგიც საქართველოს საზღვრების პერიფერიაზე, მაგრამ ეს არის ხედვა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ მოითხოვს პოლიტიკურ ნებას. ამას დასჭირდება მძიმე მუშაობა, ეს წაიღებს რესურსებს, რათა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ აშშ მზადაა, გააგრძელოს, იყოს საქართველოს პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ პარტნიორების მოძიებას საქართველოს მთავრობაში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.