ნეაპოლში განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია - პიოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ცვლილებებს გეგმავს #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში „მილანმა“ მორიგი ქულები დაკარგა. 28-ე ტურში „ნაპოლისთან“ გასვლაზე მოპოვებული ტრიუმფალური გამაჯვების შემდეგ (4:0) 29-ე ტურში სტეფანო პიოლის გუნდმა შინ „ემპოლის“ ვერ მოუგო, 0:0.
მატჩის შემდეგ „მილანის“ იტალიელი მწვრთნელი შედეგით იმედგაცრუებული იყო და როგორც აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული შეხვედრაში, „ნაპოლისთან“ ჩემპიონატში გამართული მატჩისგან განსხვავებით, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები ექნება.
„შედეგი უარყოფითია, უკეთესი გვსურდა. ჩემპიონატში მეტი ქულის მოპოვება, მეტი ენთუზიაზმი და მონდომება გვჭირდება. საერთო ჯამში, „ემპოლისთან“ გუნდმა კარგად ითამაშა, პრესინგის დროს კარგად ვმოქმედებდით, შეხვედრაზე სრული კონტროლი გვქონდა, თუმცა მეტოქის საჯარიმოში უფრო ეფექტურად გვმართებდა მოქმედება.
ნეაპოლში განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, გუნდი იდეალურად იყო მომზადებული და გამარჯვება „ნაპოლიზე“ მეტად გვსურდა. აღნიშნული თამაშის ვერმოგება სატურნირო ცხრილში ჩვენთვის ვითარებას გაართულებდა. ვფიქრობ, ოთხშაბათსაც ჩემი ფეხბურთელები მოედანზე განსაკუთრებული ენერგიით იმოქმედებენ, იმავეს ველით მეტოქისგანაც.
ევროპული მატჩი ჩემპიონატის შეხვედრისგან განსხვავებული იქნება. შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტან, განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზს შეეხება.
ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია. ცოტაა ისეთი გუნდი, რომელიც იქაც ისეთივე წარმატებით თამაშობს, როგორც შიდა ჩემპიონატში. ძალიან რთულია ორივე ასპარეზზე თანაბრად კარგად გამოსვლა. „მილანი“ ცდილობს, ახლა ორივეგან წარმატებული იყოს“, – განაცხადა პიოლიმ.
სერია A-ში „მილანი“ ამჟამად 52 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ნაპოლის“ 22 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრას გუნდები 12 აპრილს მილანში, „სან სიროზე“ გამართავენ.