NDI - მცირედი ვარდნის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა არის სტაბილურად მაღალი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, მცირედი ვარდნის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია.
შეკითხვაზე – „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“. აგვისტოს კვლევის მონაცემებით, 75 პროცენტი ამბობს, რომ მისაღებია, 14 პროცენტისთვის მიუღებელია, 10 პროცენტი აღნიშნავს, რომ არ იცის.
ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებშია.
ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.
შეკითხვაზე – „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“. აგვისტოს კვლევის მონაცემებით, 69 პროცენტი ამბობს, რომ მისაღებია, 16 პროცენტისთვის მიუღებელია, 14 პროცენტი აღნიშნავს, რომ არ იცის.
NDI-ის ცნობით, მათი კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.