nbcnews - ჩრდილოეთ კორეამ ბოლო თვეებში საიდუმლო სადგურებზე ატომური ენერგიის წარმოება გაზარდა
nbcnews - ჩრდილოეთ კორეამ ბოლო თვეებში საიდუმლო სადგურებზე ატომური ენერგიის წარმოება გაზარდა

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო თვეებში საიდუმლო სადგურებზე ატომური ენერგიის წარმოება გაზარდა, – ამის შესახებ nbcnews-ი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ტელევიზიის მიერ მომზადებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ კიმ ჩენ ინმა არსებული ინფორმაცია ოფიციალურ ვაშინგტონთან მოლაპარაკების დროს შესაძლოა დაფაროს, რადგან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირების დათმობებს ელის.

სტატიაში სინგაპურში გამართული ისტორიული სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპის განცხადებაა მოყვანილი, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს და აღნიშნულია, რომ თეთრი სახლის ლიდერის პოზიციას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რიგი ანალიტიკოსები არ იზიარებენ. მათი თქმით, რამდენიმეწლიანი დეტალური შესწავლის შემდეგ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ერთზე მეტი ბირთვული სადგურია.

„კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, აღიარებს თუ არა ამას კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებების დროს“,- ციტირებს სტატიის ავტორი დაზვერვის ანალიტიკოსის ინფორმაციას.

ამასთან, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბოლო თვეებში ბირთვული სადგურების განსაკუთრებით აქტიური მუშაობა ფიქსირდება, ხოლო თუ ოფიციალური ფხენიანი ბირთვულ განიარაღებას რეალურად გეგმავს, აღნიშნულ აქტივობას აზრი ეკარგება.

კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების შესახებ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 12 ივნისს, სინგაპურში გამართული ისტორიული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. სამიტის შემდეგ მალევე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ფხენიანმა ბირთვული განიარაღება უკვე დაიწყო და ამის საპასუხოდ სამხრეთ კორეასთან ერთად ნახევარკუნძულზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები გააუქმა.