NBC - 2016 წელს დისნეილენდში ტერაქტი იგეგმებოდა
NBC - 2016 წელს დისნეილენდში ტერაქტი იგეგმებოდა

2016 წელს, ორლანდოს ღამის კლუბის ნაცვლად, ჯიჰადისტი ომარ მატენი ტერაქტს დისნეილენდში გეგმავდა, – ინფორმაცია, მატენის ცოლის დაკითხვის შემდეგ, ბრალდების მხარემ გაავრცელა.

პროკურორის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ნურ სალმანმა აღიარა, რომ მისი მეუღლე ტერორისტული აქტის განსახორციელებლად რამდენიმე ადგილს განიხილავდა, ყველაზე დიდი ინტერესი კი მას ფლორიდაში, კისიმისა და ორლანდოს შორის მდებარე Disney World-ის გასართობი კომპლექსის მიმართ ჰქონდა.

როგორც ნურ სალმანი აღიარებს, მან ქმარი დაარწმუნა, ტერაქტი ბავშვებით სავსე ადგილას არ განეხორციელებინა. სალმანი 2016 წელს დააპატიმრეს. მას ტერაქტის ორგანიზებაში მეუღლის, ომარ მატენის დახმარება ედება ბრალად.

2016 წლის 12 ივნისს ორლანდოში მდებარე ღამის კლუბ Pulse-ში 29 წლის ომარ მატენმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა. ომარ მატენი სპეცოპერაციის დროს პოლიციის ოფიცერმა მოკლა. ის „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევარი იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

დატოვე კომენტარი