NBA-ის ყოფილ ვარსკვლავს 77 მილიონი მოპარეს
NBA-ის ყოფილ ვარსკვლავს 77 მილიონი მოპარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა კევინ გარნეტმა თავის ბუღალტერს, მაიკლ ვერტჰაიმსა და მის კომპანია „ველენკენს“ (Welenken CPAs) სასამართლოში უჩივლა. კალათბურთელი მათ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებასა და გარნეტის ქონების განმკარგავისთვის, ჩარლზ ბენქსისთვის, რომელმაც სპორტსმენის კუთვნილი 77 მილიონი დოლარი მიითვისა, დახმარების აღმოჩენაში დაადანაშაულა.

გარნეტი ვერტჰაიმისგან თანხის ანაზღაურებას ითხოვს. კალათბურთელის სარჩელში წერია, რომ ვერტჰაიმმა „იცოდა იმის შესახებ, რომ ბენქსი ითვისებდა მილიონებს, რომელიც კალათბურთელს ეკუთვნოდა და არაფრით ამას ხელს არ უშლიდა. ბენქსი მრავალი წლის განმავლობაში, წინასწარი შემუშავებული გეგმის მიხედვით ითვისებდა გარნეტის ქონებას, მათ შორის იმ პერიოდშიც, როცა ვერტჰაიმი და მისი კომპანია ბუღალტრულ მომსახურებას უწევდა კალათბურთელს“.

ამასთან, გარნეტის ადვოკატმა მარკ გოჰანმა არ განმარტა, რატომ არ უჩივლა მისმა კლიენტმა პირდაპირ ბენქსს.

ვერტჰაიმმა და მისმა კომპანიამ უკვე გამოაცხადეს, რომ „ისინი კატეგორიულად უარყოფენ ყველა ბრალდებას და სასამართლოში დაიცავენ საკუთარ უფლებებს“.

42 წლის გარნეტი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო თავის თაობაში. 2003-04 წლების სეზონში მან რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი მიიღო, 15-ჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“. კარიერის დიდი ნაწილი „მინესოტაში“ გაატარა, 2007 წელს კი „ბოსტონში“ გადავიდა და იქ 2008 წელს ჩემპიონი გახდა.

თავის დროზე, გარნეტი ასოციაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო. Forbes-ის მონაცემებით, სულ კარიერაში მან 326 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.