NBA-ს საშობაო მატჩები | „ბოსტონმა“ „ფილადელფიას“ ოვერტაიმში სძლია - „ლეიკერსმა“ ჩემპიონს შანსი არ დაუტოვა [ვიდეო]
12:38, 26.12.2018
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ტრადიციული საშობაო შეხვედრები გაიმართა. ცენტრალურ მატჩს „ორაკლარენამ“ უმასპინძლა, სადაც მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ „ლოს ანჯელესლეიკერსს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 101-127 დამარცხდა. ლებრონის ტრავმის მიუხედავად, ლოს ანჯელესურმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მთელი მატჩის ჯამში დამაჯერებლად ლიდერობდა. გამარჯვებულებში საუკეთესო 19 ქულით კაელ კუზმა იყო. „ლეიკერსმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა, რაზეც კალათბურთელების ქულები მიუთითებს. 10 ქულიან ზღვარს შვიდი კალათბურთელი გაცდა. კალდველპოუპს ამ ამოცანის შესასრულებლად კი ერთი ქულა დააკლდა. რაც შეეხება “ვორიორზს“, სტივ კერის გუნდში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით ანდრე იგუდალამ დააგროვა.
პრინციპული თამაში მოიგო „ბოსტონ სელტიკსმა“. ბრედ სტივენსის გუნდმა „ტი დი გარდენში“ „ფილადელფიას“ ოვერტაიმიან დაპირისპირებაში 121-114 მოუგო. „სელტიკსის“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კაირი ირვინგი გახდა, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა გამართა (40 ქულა, 10 მოხსნა). 23-23 ქულა დააგროვეს ჯეისონ ტატუმმა და მარკუს მორისმა. „ფილადელფიას“ რიგებში 34 ქულით საუკეთესო ჯოელ ემბიდი გამოდგა.