NBA | ნიკოლა იოკიჩი სეზონის „ყველაზე ძვირფას“ მოთამაშედ კარიერაში მესამედ დაასახელეს #1TVSPORT
„დენვერ ნაგეტსის“ სერბი ცენტრალური თავდამსხმელი ნიკოლა იოკიჩი NBA-ის რეგულარული სეზონის „ყველაზე ძვირფას“ (MVP) მოთამაშედ დაასახელეს.
ევროპელმა კალათბურთელმა ეს ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა და მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში მეცხრე მოთამაშე გახდა. წელს იოკიჩის კონკურენტები შაი გილგის-ალექსანდერი („ოკლაჰომა“) და ლუკა დონჩიჩი („დალასი“) იყვნენ.
სერბი კალათბურთელი სეზონის მანძილზე საშუალოდ 26.4 ქულას, 12.4 მოხსნასა და 9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, ხოლო თამაშიდან მისი სროლების 58.3% ზუსტი იყო.
გასულ რეგულარულ სეზონში ნიკოლა იოკიჩი ხუთივე სათამაშო კომპონენტში (ქულა, მოხსნა, პასი, დაფარება, ჩაჭრა) საუკეთესო ათეულში იყო, რაც NBA-ის ისტორიაში პირველად მოხდა.
„უამრავი მოთამაშეა, რომელიც ამ ტიტულს იმსახურებს. ჩემი ეს მიღწევა გუნდის დამსახურებაა, „დენვერ ნაგეტსის“ კალათბურთელების გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი“, – განაცხდა იოკიჩმა.
29 წლის სერბი მოთამაშე MVP-ი 2021 და 2022 წლებშიც გახდა. 2023 წელს მან „დენვერს“ ისტორიაში პირველად მოაგებინა NBA-ის ჩემპიონის ტიტული, ხოლო თავად ფინალური სერიის „უძვირფასეს“ კალათბურთელად აღიარეს.