NBA | ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლის მიუხედავად, „დალასი“ სუპერფინალის მეორე მატჩშიც დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სუპერფინალური სერია გრძელდება. დაპირისპირების მეორე მატჩი „ბოსტონმა“ მიიღო და მასპინძლებმა „დალასი“ კვლავ დაამარცხეს, ამჯერად 105:98.

შეხვედრის პირველი ორი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. „ბოსტონმა“ გადამწყვეტი, 13-ქულიანი უპირატესობა მესამე მეოთხედის ბოლოს მოიპოვა და ხელიდან აღარ გაუშვა.

სტუმართა რიგებში საუკეთესო კვლავ ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელმა კალათბურთელმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 32 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა. ევროპელს სათანადოდ ისევ ვერ დაეხმარა კაირი ირვინგი, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა იყო.

რაც შეეხება „ბოსტონს“, აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონს 26 ქულით ჯრუ ჰოლიდეი ლიდერობდა, 21 ქულა ჩააგდო ჯეილენ ბრაუნმა, ხოლო 18 – ჯეისონ ტეიტუმმა.

შედეგად, „ბოსტონ სელტიქსი“ სერიაში 2:0 დაწინაურდა. სუპერფინალის მესამე შეხვედრა 13 ივნისს „დალასის“ საშინაო არენაზე გაიმართება.