„ორლანდო მეჯიქმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე თამაშობს, დასავლეთ კონფერენციის გამორჩეულ გუნდს, „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ უმასპინძლა და 121:113 დაამარცხა.
ორლანდოელებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს 10-ქულიანი უპირატესობა და სტაბილური თამაშით მისი ბოლომდე შენარჩუნება მოახერხეს.
გოგა ბითაძემ 14 წუთი ითამაშა და, დროის სიმცირის კვალობაზე, საკმაოდ შედეგიანიც იყო: 6 ქულა (3-დან 3 ორქულიანი), 2 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
„მეჯიქში“ ყველაზე მეტი ქულა დესმონდ ბეინის ჰქონდა – 32.
მატჩის ბომბარდირი კი „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავი სტეფ კარი გახდა – 34 ქულა. მას ერთი ქულით ჩამორჩა ჯიმი ბატლერი.
„ორლანდოს“ 8 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს შინ „კლიპერსთან“ გამართავს.