NBA | „დალასმა“ „ბოსტონს“ სუპერფინალურ სერიაში პირველი მატჩი მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სუპერფინალური სერია „ბოსტონ სელტიქსსა“ და „დალას მავერიქსს“ შორის გრძელდება.

სერიის მეოთხე მატჩი „დალასმა“ მიიღო და მასპინძლებმა მეტოქე 122:84 დაამარცხეს.

დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა კომფორტული უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და 13 ქულით გაიმარჯვა. „დალასმა“ აქტიური თამაში მეორე მეოთხედშიც განაგრძო და დიდ შესვენებაზე „ბოსტონი“ 26-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა.

მასპინძლებმა მესამე და მეოთხე მეოთხედშიც სათანადოდ ითამაშეს და NBA-ის 2024 წლის სუპერფინალურ სერიაში პირველი მატჩი მოიგეს. „დალასის“ რიგებში საუკეთესო 29 ქულით ლუკა დონჩიჩი იყო, 21 ქულა ჰქონდა კაირი ირვინგს. „ბოსტონის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 15 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო.

შედეგად, სერიაში „სელტიქსი“ 3:1 იგებს და NBA-ს ჩემპიონის მე-18 ტიტულის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება სჭირდება. სუპერფინალის მორიგი, მეხუთე თამაში 18 ივნისს „ბოსტონის“ საშინაო არენაზე ჩატარდება.