ნაზი ჯანეზაშვილი - თუ კანდიდატურა იუსტიციის საბჭომ უნდა წარადგინოს, მსჯელობა საბჭოს სხდომაზე უნდა გაიმართოს და არა რესტორანში, ჩინჩალაძის კაბინეტში ან სადმე სხვაგან
თუ კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს, შესაბამისად, მსჯელობა საბჭოს სხდომაზე უნდა გაიმართოს და არა სადღაც რესტორანში, ჩინჩალაძის კაბინეტში, ან სადმე სხვაგან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„გამოდის საბჭოს მდივანი, საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებიც ამ საკითხებთან მიმართებით აქტიურად პოზიციონირებენ და ამბობენ, რომ საბჭოს კანონი არ დაურღვევია. თუ გინდათ, დარწმუნდეთ, რომ კანონი არაპირდაპირ, მაგრამ მაინც დაირღვა, უნდა მოისმინოთ ჩანაწერი. ვსაუბრობ იმ სხდომაზე, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები დაასახელა. გიორგი მიქაუტაძემ პირდაპირ თქვა – ჩვენ, მოსამართლეები შევთანხმდითო. რომელი მოსამართლეები შეთანხმდნენ, სად შეთანხმდნენ, რა ფორმატის შეთანხმება იყო და რა ლეგიტიმაცია ჰქონდა იმ ორგანოს, მე არ ვიცი. ეს შეთანხმება თავისთავად კანონის დარღვევაა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა კრიზისიდან გამოსავალი სასამართლო სისტემაში ახალი ადამიანების შესვლა, როგორც ამას ბევრი მისი კოლეგა მიიჩნევს, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოსავალი სისტემის გახსნაა, მაგრამ ცალკე მსჯელობის საგანია, რა უნდა ვუყოთ ადამიანებს, რომელთა ხელშიც სასამართლოს მმართველობაა.
„მიმაჩნია, რომ პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა უნდა ვუშველოთ იმ ადამიანებს და როგორ უნდა გადავარჩინოთ სასამართლო თუნდაც იმ ხალხისგან, რომელსაც დღეს აქვს ძალაუფლება. საუბარია ჩინჩალაძეზე და მასთან დაახლოებულ მოსამართლეებზე, რომლებიც სისტემას მართავენ“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისი თქმით, სისტემა ჩაკეტილია და ძალიან მნიშვნელოვანია, კარი ღირსეული ადამიანებისთვის გაიხსნას, რაც ერთ-ერთი გამოსავალია.
„როდესაც შევისწავლე და დავითვალე მოსამართლეთა რაოდენობა, რომლებიც სისტემაში არიან, აღმოჩნდა, რომ მოსამართლეთა დაახლოებით 75 პროცენტი ისევ ის ხალხია, ვინც 2013 წლამდე სისტემაში მუშაობდა. დანარჩენი 25 პროცენტიდან უმრავლესობა, 17 ადამიანის გარდა, ისევ სასამართლო სისტემაში ნამუშევარი ადამიანია, ანუ ადამიანები, რომლებმაც კარიერა სასამართლოში გაიკეთეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.