ნაზი ჯანეზაშვილი - შოკირებული ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით
შოკირებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ მიიღო,- ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების სიის დამტკიცებას ეხება.
ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ დღეს გასაჯაროებული ათკაციანი სია კრიტიკას ვერ უძლებს.
მისივე თქმით, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას, დანარჩენი წევრების მოსაზრებები არ გაითვალისწინა.
„ბოლო წუთამდე მქონდა მოლოდინი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე არ მოიქცეოდა და პროცედურების მინიმალურ სტანდარტს მაინც დააწესებდა. თუმცა ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა განახლებული კონსტიტუცია, ერთი კვირის თავზე საკითხი დღის წესრიგში დააყენეს. შოკირებული ვარ, რომ საბჭო არ ითვალისწინებს სხვა წევრების მოსაზრებას. მოხდა ისე, როგორც სჩვევიათ. საბჭო ასეთ ისტორიულ საკითხს მეორედ აღარ განიხილავს, რადგან პირველად მოხდა ქვეყნის ისტორიაში, რომ საბჭო წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში. სასაცილოა, იციან თუ არა 10-მა ადამიანმა, რომელიც სიაშია წარმოდგენილი, კანდიდატები რომ არიან. ალბათ, იციან და ამაზე ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია გვჭირდება”,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიაში მოხვდნენ ღირსეული კანდიდატები, კანდიდატებად წარდგენილი არიან ისეთი მოსამართლეებიც, რომელთა საქმიანობაც კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაში.
„აქ მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც ჩანს, მოგვევლინება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, გიორგი მიქაუტაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა და როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. სიაში შესაძლოა, რამდენიმე ღირსეული ადამიანი ნახოთ, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძე არის ადმიანი, რომელმაც სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა თავისი გავლენებით. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, როგორ წავა პროცესები პარლამენტში. იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ სიას”,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.