ნაზი ჯანეზაშვილი სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას აპირებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას აპირებს და ამბობს, რომ ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ობიექტურია დამოუკიდებელი ინსპექტორი.
მისივე განმარტებით, მეთოფიშვილმა არაერთხელ დაარღვია მოსამართლეთა ეთიკის წესი და აინტერესებს, თუ როგორ შეაფასებს ინსპექტორი მის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითებს.
რაც შეხება თავად ინსპექტორის საქმიანობის შეფასებას, ჯანეზაშვილს მიაჩნია რომ ქეთევან ცინცაძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველადი მასალები დისციპლინური გადაცდომების შესახებ არის გაცილებით ხარისხიანი.
„დამოუკიდებელი ინსპექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი საქართველოში. მას შემდეგ, რაც ქეთევან ცინცაძე დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ავირჩიეთ, ვფიქრობ, დასკვნების ხარისხი, პირველადი მასალები, რომლებიც მზადდება მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების შესახებ, არის ბევრად უკეთესი, ნამდვილად ხარისხიანი და მნიშვნელოვანი მასალა. ამა თუ იმ საქმეზე ტარდება პირველადი მოკვლევა, თუმცა, ჩვენზეც არის დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითარდა პრაქტიკა ამის შემდეგ.
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, ვაპირებ მივმართო დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ხშირად არღვევს მოსამართლეთა ეთიკის წესებს. ჩემ შემთხვევაში იყო რამდენიმე მაგალითი. მომზადებული მაქვს განცხადება, რომელიც წარედგინება დამოუკიდებელ ინსპექტორს. ეს აუცილებლად იქნება ერთგვარი ტესტი”,- აცხადებს ჯანეზაშვილი.