ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეთა სარეზერვო სიის შემადგენლობა ამ საკითხისადმი არასერიოზულ მიდგომას ადასტურებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა სარეზერვო სიის შემადგენლობას აპროტესტებს.
ჯანეზაშვილის თქმით, დღეს საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა სარეზერვო სიის იმ პროექტს განიხილავენ, რომელშიც 8 წლის წინ გარდაცვლილი მოსამართლე, ასევე გიორგი ჩემია, ვალერი ცერცვაძე და კოტე კუბლაშვილი შედიან.
„დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე წარმოდგენილია საკითხი, რომელიც მოსამართლეთა სარეზერვო სიას ეხება. ჩემთვის ძალიან უცნაურია, როდესაც ამ სარეზერვო სიაში გიორგი ჩემია, ვალერი ცერცვაძე და კოტე კუბლაშვილი ვნახე. გაუგებარია სარეზერვო სიაში ამ ადამიანების ჩასმა რა კრიტერიუმით მოხდა, როდესაც ჩვენს სტრატეგიაში სარეზერვო სიის შექმნასთან დაკავშირებით წერია, რომ საუკეთესო კვალიფიკაციის და პოტენციალის მქონე კანდიდატები უნდა ავარჩიოთ. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინოა, რომ სიაში 8 წლის წინ გარდაცვლილი მოსამართლე აღმოვაჩინე და დღეს პროექტის სახით წარმოდგენილ დოკუმენტში სწორედ ეს ადამიანია ჩასმული, ისე როგორც მომავალი კანდიდატი“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.
მისი შეფასებით, მოსამართლეთა სარეზერვო სიის შემადგენლობა ადასტურებს, რომ აღნიშნულ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასერიოზულად უდგება.
„ამ საკითხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ საბჭო და ის ორგანო, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, საკითხს ძალიან არასერიოზულად და ფორმალურად უდგება, რადგან კანდიდატების ბექგრაუნდი არ შეისწავლა და არ გაარკვია, ადამიანები ისევ ცოცხლები არიან თუ არა, რომ სარეზერვო სიაში მოხვდნენ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.