ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ექპერტებსა და ანალიტიკოსებს შეხვდნენ
საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ექპერტებსა და ანალიტიკოსებს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა.
მთავარი თემა სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი იყო.
ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, დღევანდელი აუდიენციის მიზანი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. ექსპერტი საბჭოს წევრების პოზიციის ძირითად ნაწილს იზიარებს და ამბობს, რომ უმჯობესია, თუ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სისტემის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს გააცნობენ.
არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდეს.
„საბჭოს არამოსამართლე წევრებს აინტერესებდათ, საექსპერტო ჯგუფის აზრი სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. შევეცადეთ, მათთვის გაგვეცნო არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საზოგადოების იმ ნაწილის აზრიც, რომელთანაც ჩვენ ვურთიერთობთ. შეხვედრა არ იყო შედეგზე ორიენტირებული, ეს იყო აზრთა გაზიარება. როგორც ჩანს, საბჭოს არამოსამართლე წევრები სასამართლოს გაჯანსაღების პროცესისთვის სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ“,- აცხადებს მამუკა არეშიძე.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დღევანდელ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს და ამბობს, რომ აუდიენციაზე ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა. მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.
„ამ ეტაპზე გამოიკვეთა საჭიროება, რომ ჩვენ გავაგრძელოთ შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან და არა მხოლოდ იურისტებთან. გამოიკევეთა ორი მყისიერად მოსაგვარებელი პრობლემა, რასაც ჩვენი ექსპერტების აზრით, ყურადღება სჭირდება. პირველი – ეს არის იმ მოსამართლეებზე აქცენტის გადატანა, ვისაც შელახული აქვს რეპუტაცია და მოსახლეობა მართლმსაჯულებას ანდობს და მეორე – ეს არის უვადო დანიშვნების სასწრაფოდ შეჩერება“,- აცხადებს ანა დოლიძე.