ნავთობზე საერთაშორისო ფასები მკვეთრად იზრდება – საბერძნეთის მთავრობა დახმარების ახალი ზომების მიღებას გეგმავს
საილუსტრაციო ფოტო
სპარსეთის ყურეში დაძაბულობის მორიგი ესკალაციის შემდეგ, ენერგეტიკული ბაზარი კვლავ ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის გამო „ბრენტის“ მარკის 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 107 დოლარსაც კი გადააჭარბა. ფასების ასეთი ზრდა საწვავის კიდევ უფრო გაძვირების შიშს იწვევს. იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი გახანგრძლივდა, საბერძნეთის მთავრობა, შინამეურნეობებისა და ბიზნესის სექტორის მხარდასაჭერად, ახალი ზომების მიღებას აპირებს.
11 სექტემბერს, დილით, „ბრენტის“ მარკის 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 107 დოლარს ასცდა და 108 დოლარსაც კი მიუახლოვდა, თუმცა მოგვიანებით დაახლოებით 104.6 დოლარამდე ჩამოვიდა. ამ კორექტირების მიუხედავად, ყოველკვირეული ზრდა კვლავ ძალიან მაღალ დონეზე რჩება და დაახლოებით 9-10 პროცენტს შეადგენს.
ფასების ზრდის კვალობაზე, საბერძნეთის მთავრობა დახმარების ახალი პაკეტის შემუშავებას გეგმავს. როგორც გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრმა, სტავროს პაპასტავრუმ განაცხადა, ფასების ზრდის ტენდენციებისა და გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, ყველა შესაძლო სცენარი განიხილება.
კერძოდ, იგეგმება არსებული სუბსიდიების გახანგრძლივება, ასევე შეღავათების შემოღება, რომელიც, ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გათბობისთვის განკუთვნილ მაზუთზეც გავრცელდება.

ფასების ზრდის ახალი ტალღა უკვე თვალშისაცემია საწვავის საბითუმო ბაზარზე. ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები ვარაუდობენ, რომ ამ შაბათ-კვირას ფასების შემდგომი მატებაა მოსალოდნელი.
არაეთილირებული (ტყვიის შენაერთების არმქონე) 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი მთელ საბერძნეთში ამჟამად 2.12 ევროს აღემატება, დიზელის ფასი 2.07 ევროა, ხოლო თხევადი გაზის (LPG) ფასი 1 ევროს უახლოვდება.
ასევე შეშფოთებას იწვევს ბუნებრივი აირის ფასების დინამიკა – მისი ღირებულება მეგავატ/საათზე დაახლოებით 80 ევროს შეადგენს, რაც წინა თვეების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.