ნავროცკი და ზელენსკი ანკარაში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ისტორიულ საკითხებზე უთანხმოებები ვერ მოაგვარეს

18:24, 09.07.2026
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნატო-ს სამიტის მიმდინარეობისას

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნატო-ს სამიტის მიმდინარეობისას

ოთხშაბათს, 8 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ორივე ლიდერი მათი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის შექმნილ საფრთხეებს ერთნაირად აფასებს, თუმცა ისტორიულ საკითხებზე უთანხმოებები კვლავ მოუგვარებელი რჩება.

 

ნავროცკიმ, რომელიც ანკარაში ნატო-ს სამიტს ესწრებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკისთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრიდან ახლახან დაბრუნდა.

„მე თქვენთან პირდაპირ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან მოვდივარ, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ – მეზობლებს შორის ურთიერთობაში დიალოგისა და საკონტაქტო არხების შენარჩუნება ხომ კარგი ტრადიცია და აუცილებლობაა! თუმცა, პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში, ბოლო დროს, დიდი დაძაბულობა შეინიშნებოდა“, – განაცხადა ნავროცკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „როგორც უკრაინისთვის, ისე პოლონეთისთვის უცვლელი რჩება ის, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ მთავარ საფრთხედ განიხილება. ჩვენ ერთი მიმართულებით ვიყურებით, როდესაც საქმე ჩვენი დამოუკიდებლობისთვის შექმნილ საფრთხეებს ეხება დაეს მდგომარეობა არ იცვლება“.

თუმცა, ნავროცკიმ ასევე აღნიშნა, რომ ისტორიული საკითხებზე უთანხმოების მოგვარება ორმა ლიდერმა ვერ მოახერხა. „ჩვენ ვერ მოვახერხეთ ისტორიული საკითხების გადაჭრა ამ შეხვედრაზე და არც იმ იმედით შევხვედრივართ ერთმანეთს, რომ ყველა პრობლემას ერთბაშად მოვაგვარებდით“, – განაცხადა ნავროცკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის „უპა (UPA – „უკრაინის მეამბოხეთა არმია“) და მისი სიმბოლიკის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება“. მისი თქმით, ვოლენის გენოციდთან დაკავშირებით პოლონელების ემოციები დისკუსიის საგანი ვერ გახდება და დასძინა: „პოლონეთს აქვს უკრაინისგან იმის გაგების იმედი, რომ ბანდერასთან დაკავშირებული სიმბოლოები ნეგატიური ქვეტექსტის მატარებელია და ასევე ზღუდავს უკრაინის მომავალს ევროკავშირში.

„პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას, ყველა საკითხი განვიხილეთ – ისტორიული, პოლიტიკური, წარსულთან და მომავალთან დაკავშირებული. რაც ნამდვილად გვაახლოებს, არის იმის ცოდნა, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთის ფედერაცია საფრთხეს წარმოადგენს როგორც უკრაინისთვის, ისე პოლონეთისთვის“, – განაცხადა ნავროცკიმ. მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე საკუთარი პოზიციებზე დარჩა.

„მე კვლავ დავადასტურე ჩვენი პოზიცია უპა-ს საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასევე განვიხილეთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი თანამშრომლობა მომავალში, – თქვა მან, – როგორც ყოველთვის, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო. კარგია, რომ შევხვდით“.

პოლონეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტმა მას მსოფლიოს სხვა ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობაც მისცა. „ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან მქონდა, ასევე მომეცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოკლე საუბრის შესაძლებლობაც“, – დასძინა ნავროცკიმ.

 

სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)

ფოტო: მარეკ ბორავსკი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარია KPRP (Kancelaria Prezydenta Rzeczypospolitej Polskiej)

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 9 ივლისი, 2026, 11:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი