ნატო-ში რუმინეთის ელჩი - მჯერა, საქართველო გააგრძელებს რეფორმებს, რაც დააახლოებს მას ნატო-სთან, ნატო არის ღირებულებების, პრინციპების ორგანიზაცია, დემოკრატია ერთ-ერთი მათგანია
ნატო-ში რუმინეთის ელჩი - მჯერა, საქართველო გააგრძელებს რეფორმებს, რაც დააახლოებს მას ნატო-სთან, ნატო არის ღირებულებების, პრინციპების ორგანიზაცია, დემოკრატია ერთ-ერთი მათგანია

რუმინეთი მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონს და ნატო-ს მეტ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონში, ეს ასევე სარგებელს აძლევს საქართველოსაც, – ამის შესახებ ნატო-ში რუმინეთის ელჩმა, დან ნეკულესკუმ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, სჯერა, საქართველო გააგრძელებს რეფორმებს, რაც დააახლოებს მას ნატო-სთან.

„ჩვენ გვსურს, გავზარდოთ ნატო-ს ცნობადობა და რომ საქართველო იყოს ნატო-სთან შეძლებისდაგვარად ახლოს, რეგიონში უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე. ასევე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. რუმინეთი არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონს და ნატო-ს მეტ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონისადმი. მჯერა, რომ ეს ასევე სარგებელს აძლევს საქართველოსაც.

მე ვარ ნატო-ში რუმინეთის ელჩი. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ნატო-ს რეკომენდაციებზე და არა – ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება და მოსახლეობის მხარდაჭერა. ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ ემხრობა ნატო-ს და ევროკავშირს. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა მისი გათვალისწინება. მჯერა, საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობა და ზოგადად, ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს, რაც დააახლოებს მას ნატო-სთან და ევროკავშირთან. ნატო არის ღირებულებებისა და პრინციპების ორგანიზაცია, დემოკრატია ერთ-ერთი მათგანია. საქართველოში კონსოლიდირებული დემოკრატიის მშენებლობა ნატოსთვისაც კარგია“, – განაცხადა ნატო-ში რუმინეთის ელჩმა, დან ნეკულესკუმ.