ნატო-ში აშშ-ის ელჩი – ევროპა ჩვენი პრიორიტეტების სიაში მეოთხე ადგილზეა

20:14, 23.09.2026

ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის თქმით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით, ევროპა ამერიკის ეროვნულ პრიორიტეტებს შორის, მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს. ამის შესახებ მან აშშ-ში, ნატო-ს მომავალთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

უიტაკერის თქმით, აშშ-ს წამყვანი როლი აქვს ნატო-ში და შესაბამისად გამოყოფს თანხებსაც. თუმცა, ის მოკავშირეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ აშშ-ს ეროვნულ სტრატეგიას.

„ეს ფუნდამენტური დოკუმენტები განსაზღვრავს ჩვენს ფილოსოფიას. ამ დროისთვის ეს ფილოსოფია არის ის, რომ ჩვენი სამშობლო პირველ ადგილზეა; მეორეზე – ჩვენი, დასავლეთ ნახევარსფერო; მესამეზე  – წყნარი ოკეანის რეგიონი; მეოთხეზე კი – ევროპა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ უარს ამბობს ევროპაზე. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ ევროპელებისგან, გადადგან ნაბიჯი წინ, დაგვეწიონ და შეგვხვდნენ იქ, სადაც საჭიროა, რომ ყველანი ვიყოთ“, – განაცხადა უიტაკერმა.

აშშ-ს წარმომადგენელი  ასევე აღნიშნავს, რომ მომავალი გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში, ჩინეთის ქმედებები წყნარი ოკეანის რეგიონში შეიძლება, დაემთხვეს რუსეთის მოქმედებებს ევროპაში, განსაკუთრებით იმ მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-ს კონტინგენტის დაბლოკვას ევროპის კონტინენტზე.

მსგავსი