ნატო-ში აცხადებენ, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული დრონი, სავარაუდოდ, რუსული იყო
FILE PHOTO: A NATO flag is seen at the Alliance headquarters ahead of a NATO Defence Ministers meeting, in Brussels, Belgium, October 21, 2021. REUTERS/Pascal Rossignol
ნატო-ში აცხადებენ, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული დრონი, სავარაუდოდ, რუსული იყო.
ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის პრესსპიკერის, ამერიკელი პოლკოვნიკის, მარტინ ო დონელის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, თუმცა არსებული ინფორმაციით, დრონი სავარაუდოდ, რუსული წარმოშობის იყო.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დრონის წარმომავლობა არ დაუზუსტებია. უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც ის მოლდოვის მხრიდან რუმინეთის ტერიტორიაზე შევიდა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გალაციდან დაახლოებით 24 კილომეტრში.
ნატო-ს წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსი მუდმივად მზადყოფნაშია და ნებისმიერი საფრთხისგან თავის დასაცავად მზად არის.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ ბუქარესტმა ინციდენტის შესახებ ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებს ინფორმაცია მიაწოდა.
ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას რუმინეთმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ესპანური F-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებლით ჩამოაგდეს. ეს მიმდინარე წელს რუმინეთის მიერ ჩამოგდებული უკვე მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია.