ნატო-ში აცხადებენ, რომ ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი

13:54, 14.08.2026

ნატო ყოველდღიურად მზად არის და შეუძლია, 24/7 რეჟიმში უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას ჩვენი ტერიტორია და ხალხი, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰარტი სოციალურ ქსელში წერს.

ნატო-ს პრესსპიკერი ეხმაურება ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებს.

„ნატო საჰაერო სივრცის დაცვას უზრუნველყოფს. დღეს დილით ლიეტუვაში ბაზირებული იტალიური Eurofighter-ები და ესტონეთიდან მოქმედი თურქული „ეფ 16-ები“ აფრინდნენ. ერთ-ერთმა Eurofighter-მა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო. გუშინ კი რუმინული „ეფ 16-ები“ და ესპანური „ეფ 18-ები“ აფრინდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან, რუმინეთის საჰაერო სივრცეში დრონები შევიდნენ“, – წერს ნატო-ს პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, რომ ლატვიის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოკავშირეთა გამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი წარმატებით ჩამოაგდეს.

მსგავსი