ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სწავლების დაგეგმარების კურსი გაიხსნა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სწავლების დაგეგმარების კურსი გაიხსნა

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-ს „სწავლების დაგეგმარების კურსი“ (NATO Exercise Planning Course 2025) გაიხსნა. 

საერთაშორისო კურსი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას მათ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. 

ერთკვირიან კურსში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 34 მსმენელიდან 16 ქართველი, ხოლო 18 უცხოელი სტუდენტია. ისინი ნატო-ს დოქტრინის მიხედვით ნატო-ს სწავლების დაგეგმვის პროცესს გაეცნობიან. სწავლების დასრულების შემდეგ კი მათ ნატო-ს სერტიფიკატები გადაეცემათ. 

სწავლება საპილოტე რეჟიმში JTEC-ში გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა.  წელს კი „სწავლების დაგეგმარების კურსი“, ნატო-ს მიერ აკრედიტებული სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მსგავსად, JTEC-ში ტარდება. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივაა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.