ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“, რომელსაც ქართული მხარე ხელმძღვანელობს, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარეობს.

დღეს JTEC-ს სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მაღალი დონის სტუმრებისთვის სწავლების საჩვენებელი დღე გაიმართა. სწავლების პროცესის გასაცნობად JTEC-ში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, მაღალი დონის სტუმრები ნატო-ს შტაბბინიდან, ნატო-ს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბიდან (SHAPE), ნატო-ს სახმელეთო ძალების სარდლობიდან (LANDCOM) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრიდან (JFTC). სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ, ასევე, საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. სტუმრებს JTEC-ში სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა.

საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატო-ს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბის (SHAPE) სამხედრო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა მარტინ რემესმა. მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში სწავლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწავლება ხელს უწყობს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს, გააუმჯობესონ ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებები.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ში ჩართულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ექვსი ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სამხედრო-საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები, ასევე, სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია. სწავლების მიმდინარეობის ფარგლებში SNGP-ის ეგიდით ნატო-ელი ექსპერტების მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის შეფასება ხორციელდება.

საჩვენებელ დღეზე სტუმრები სწავლების სრულ სიტუაციურ სურათს გაეცნენ და სწავლების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, სწავლების სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყნის სამხედროებთან ერთად კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის ამოცანებს ასრულებენ.

სწავლებაში, სამეთაურო-საშტაბო ნაწილთან ერთად, ინტეგრირებულია საველე კომპონენტიც, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს JTEC-ს შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს უწყობს კოორდინაციის დახვეწას.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.