ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვა

„თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ნატო-მ ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა.

ახალი ტექნიკის გადმოცემა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოხდა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. ნატო-ს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით, ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მან პროექტში მონაწილე ქვეყნებს ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს JTEC-ის პერსონალის მობილურობისა და ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

პროექტი დანიის სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით და ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა JTEC-ის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე.

„JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამაგალითო შედეგად იქცა, რომელიც, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, საქართველოს დახმარებას უწევს განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გაზარდოს ალიანსთან ურთიერთთავსებადობა და მოგვამზადოს ნატოს წევრობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, როზარია პუგლისის განცხადებით, JTEC არის წარმატების მაგალითი და ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის ხელშესახები შედეგი.

„მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში, JTEC-ში მომზადება ათასობით ქართველმა და ნატოელმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. JTEC არის წარმატების მაგალითი და ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის ხელშესახები შედეგი. ეს არის კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად და დღითი დღე აახლოებს თქვენს ქვეყანას ნატოში გაწევრიანების მიზანთან“,- აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენის თქმით, საქართველოსთვის ავტომანქანების გადმოცემა ნატო-ს მხრიდან ცენტრის მიმართ აღებული ვალდებულებების კიდევ ერთი დასტურია.

„ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს პირველად 2017 წელს ვეწვიე. სამი წლის შემდეგ, ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. საქართველოსთვის ავტომანქანების გადმოცემა ნატოს მხრიდან ცენტრის მიმართ აღებული ვალდებულებების კიდევ ერთი დასტურია. 2015 წლიდან, ნორვეგიის მხარეს საკუთარი წვლილი შეაქვს ცენტრის განვითარების საქმეში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყანა და მთავრობა ამაყია, რომ ამ პროცესის ნაწილია. ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში მარტში ჩატარდა საქართველოს თავდაცვის ძალების ინდივიდუალური და ინსტიტუციური განვითარების დასტურია. ნატოს ძალებთან ურთიერთავსებადობის უზრუნველყოფა სწორედ ცენტრის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, ნატო საქართველოში იმაზე მეტად არის წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა“,-განაცხადა ჰელენა სანდ ანდრესენმა.

დატოვე კომენტარი