ნატო-სა და ევროკავშირის წევრი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი განიხილება
ნატო-სა და ევროკავშირის წევრი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი განიხილება

გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დაიწყო.

ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. მან განაცხდა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროების რუსებთან ბრძოლა ისტორიაში შევა. მისივე თქმით, ეს ბრძოლა შთამაგონებელია მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

„უკრაინას სჭირდება ჩვენი დახმარება დღეს და დასჭირდება ჩვენი მხარდაჭერა ომის დასრულების შემდეგაც. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, ჩვენი სამხედრო დახმარება უშუალოდ თავისუფლების ფრონტის ხაზზე იგზავნება, იმ უშიშარ და გამოცდილ უკრაინელ მებრძოლებთან, ვინც ამ ფრონტის ხაზს იცავენ. უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ ვიცით, თუ რა ტვირთის ტარება გიწევთ და იცოდეთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ და სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ განვამტკიცოთ უკრაინული დემოკრატიის არსენალი“, – განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მინისტრები დღესვე მიიღებენ ჩარჩო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწევენ და ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენაში დაუჭერენ მხარს.

უკრაინის პარტნიორებმა ხუთი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების მობილიზება შეძლეს.