ნატო-ს ყველა ქვეყანა წელს თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2%-მდე გაზრდის
ნატო-ს ყველა ქვეყანა წელს თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდის, – ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც ნატო-ში შემავალი 32 ქვეყნის სამხედრო ხარჯებია აღწერილი.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ, ისლანდიის გარდა, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს არმია და, შესაბამისად, გათავისუფლებულია ამ ვალდებულებისგან, ყველა ქვეყანა წელს თავდაცვის ხარჯების მიზნობრივ მაჩვენებელს, მშპ-ის 2%-ს მიაღწევს.
ეს მიზანი ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ დამტკიცდა, თუმცა გასულ წელსაც კი, უკრაინაში მიმდინარე ომის ყველაზე მასშტაბური ფაზის პირობებში, ნატო-ს 10 ქვეყანა თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავდა. ნატო-ს შეფასებით, წელს ყველა ქვეყანა მიაღწევს ამ ზღვარს, თუმცა შვიდ ქვეყანაში ეს ზუსტად 2,0% იქნება, ხოლო რამდენიმე ქვეყანაში – ოდნავ მეტი.
აღსანიშნავია, რომ მშპ-ის 2%-ის მიზანი უკვე მოძველებულად ითვლება, რადგანაც ივნისის სამიტზე ნატო-ს წევრებმა გადაწყვიტეს თავდაცვაზე მშპ-ის 3,5%-ის დახარჯვა.
ამ ნიშნულს ჯერჯერობით მხოლოდ სამმა ქვეყანამ მიაღწია, რომლებიც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობენ. ესენია: პოლონეთი (4,48%), ლიეტუვა (4%) და ლატვია (3,73%). ისინი ალიანსის ლიდერებადაც ითვლებიან თავდაცვის ხარჯების მოცულობით მშპ-თან შედარებით.