ნატო-ს უმაღლესი მთავარსარდალი – ვინმე იმდენად უგუნური თუ აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ, ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმა სრულიად უშედეგო იქნება
ვინმე იმდენად უგუნური თუ აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ალექსუს გრინკევიჩმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არავინ უნდა აღიქვამდეს ჩვენს თავდაცვით ხასიათს სისუსტედ ან სიმტკიცის ნაკლებობად. ჩვენი ერთობლივი ძალით მიზნად ვისახავთ მოწინააღმდეგის შეკავებასა და მშვიდობის შენარჩუნებას. თუმცა, თუ ვინმე იმდენად უგუნური აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ. შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მოწინააღმდეგეს მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, როგორიც უნდა იყოს ეს მიზნები. მოკლედ რომ ვთქვათ, უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმა სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს“, – განაცხადა გრინკევიჩმა.
გენერლის თქმით, ალიანსის თავდაცვის გეგმა მოწინააღმდეგის თავდასხმის შეჩერებას, მისი შეტევის შესუსტებასა და საჭიროების შემთხვევაში მისი ძალების განადგურებას ითვალისწინებს, რათა ნებისმიერი თავდასხმა სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს.
„ვფიქრობ, ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობა გარკვეულწილად შეშფოთებულია. მინდა, დავარწმუნო ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქე, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამისთვის ყველას ერთობლივი მუშაობა იქნება საჭირო, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ“, – აღნიშნა გენერალმა.