ნატო-ს თავდაცვის ინოვაციების დამაჩქარებელმა პროგრამამ (DIANA) და უკრაინამ მემორანდუმი გააფორმეს – „ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი უკრაინისგან“

16:05, 30.10.2026

ნატო-ს თავდაცვის ინოვაციების დამაჩქარებელმა პროგრამამ (DIANA) და უკრაინამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

შეთანხმება მხარეებს ტექნოლოგიების ერთობლივად შემუშავებისა და გამოცდის ახალ შესაძლებლობებს უქმნის და უკრაინასა და ნატო-ს ინოვაციურ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი დასაწყისია. ახალი შესაძლებლობების კარი იღება. ახლა ჩვენი ამოცანაა, ეს შესაძლებლობა ერთად გამოვიყენოთ. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი უკრაინისგან“, — განაცხადა DIANA-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯიოტი ჰირანი-დრაივერმა.

შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა ნატო-ს შტაბ-ბინაში მოაწერეს ხელი, DIANA-სა და ნატო-ს პარტნიორ ქვეყანას შორის პირველად გაფორმებული მსგავსი ტიპის დოკუმენტის სტატუსი აქვს.

„თანამშრომლობა ურთიერთსარგებლიანობის პრინციპს ეფუძნება. რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული ომის პირობებში, უკრაინამ თანამედროვე კონფლიქტის რეალობასთან გამკლავების პროცესში ინოვაციების სფეროში შთამბეჭდავი ეკოსისტემა განავითარა. ის უმძიმეს პირობებში სწრაფად ცდის, არსებულ ვითარებას არგებს და აუმჯობესებს ტექნოლოგიებს. DIANA კი უკვე ჩამოყალიბებულ მექანიზმს სთავაზობს, რომელიც ინოვატორებს ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ ცოდნასა და ინფრასტრუქტურასთან აკავშირებს“, — აღნიშნულია ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი