ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს

22:44, 19.09.2026

ნატო მზადაა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული თავდასხმისთვის, – ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს.

„ალიანსი მზად არის, სტრუქტურა მზად არის, ჯარისკაცები და იარაღი მზად არის. ჩვენ მზად ვართ ესკალაციისთვის. თავდასხმის შემთხვევაში, ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დრაგონემ.

მისი თქმით, რუსეთის „უპასუხისმგებლო ქმედებები“ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ალიანსის ერთიანობასა და მზადყოფნას „ამოწმებს” და მიზნად ისახავს ნატო-ს წევრებს შორის ნდობის შესუსტებას.

„მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს მცდელობები ვერ დაგვყოფს. პირიქით, ისინი გვაიძულებს, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და გვხდის უფრო ერთიანსა და უფრო მტკიცეს“, – აღნიშნა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე თვეში ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაში დრონები ან რაკეტები გაუშვას და ამ გზით ალიანსის რეაქცია გამოსცადოს.

მსგავსი