ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ეს საკითხი გადაწყვეტილია, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს ექსკლუზიურად განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმატით ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, სხდომა შეიძლება გაიმართოს საგარეო ან თავდაცვის მინისტრების დონეზე, ან მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე.

„იმედი მაქვს, რომ კომისიის სხდომა უმაღლეს დონეზე ჩატარდება, მაგრამ დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, შევაფასოთ და ვაღიაროთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. საერთოდ რა გზა გამოვიარეთ, რამდენად დატვირთული იყო ეს გზა და მოვედით იქამდე, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად.

10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ეს სიმბოლურიცაა. უნდა აღინიშნოს პროგრესი და ასევე ახალი ენერგია უნდა მიეცეს ჩვენს თანამშრომლობას. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს მთავრობა სრულად იყენებს შესაძლებლობებს. გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, არის სწორი გზა. ეს არის გზა მექანიზმების გამოყენების, არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილებების მიღების დროც აუცილებლად დადგება“, – განუცხადა პირველ არხს ჯეიმს აპატურაიმ.