ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების ტექსტი დღეს შოთა რუსთაველის დარბაზში განთავსდება და დეპუტატებს საშუალება ექნებათ, ხელმოწერები დააფიქსირონ
ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების ტექსტი დღეს შოთა რუსთაველის დარბაზში განთავსდება და დეპუტატებს საშუალება ექნებათ, ხელმოწერები დააფიქსირონ

14 ივნისს ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი განცხადებას მიიღებს. დღეს, პლენარული სხდომის მსვლელობის დროს აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად, საშუალება ექნება, ხელი მოაწეროს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანება არის ქვეყნის მომავალი. დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიცია მზად არის, განცხადებას ხელი მოაწეროს.

„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი დოკუმენტი და დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ყველას ერთად გვინდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, ეს არ არის პარტიული ამოცანა და ეს არის ამ ქვეყნის მომავალი, ამიტომ რა თქმა უნდა, მზად ვართ, განხილვებში უკვე მივიღეთ მონაწილეობა და მზად ვიქნებით, ამ განცხადებას ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, პარლამენტის მიერ მომზადებული განცხადება მრავალპარტიულია და ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანების საკითხს აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ განცხადებაში თავმოყრილია ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მმართველი გუნდი კოლეგებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ ამ დოკუმენტს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დეპუტატი შეუერთდება ამ ინიციატივას და ეს იქნება ერთობლივი, მძლავრი გზავნილი საქართველოდან ნატო-სთვის. გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. შესაბამისად, პარლამენტის მიერ გაკეთებული ეს გზავნილი კიდევ უფრო მნიშვნელოვან წონადობას იძენს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი პოლიტიკური ორგანოა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და ხალხის ინტერესებს გამოხატავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.