ნატო-ს საჰაერო ძალები - რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ
რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ, – ინფორმაციას ნატო-ს სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ორი რუსული „ტუ-22“, რომლებსაც ახლდა ორი „სუ-27“ ტიპის სამხედრო მოიერიშე, თავდაპირველად რუმინეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა, შემდეგ კი თურქეთის ტერიტორიისკენ.
რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიახლოების საპასუხოდ, ბულგარეთმა „მიგ-29“, რუმინეთმა „მიგ-21“, ხოლო თურქეთმა – „ეფ-16“ ტიპის თვითმფინავები გაგზავნა.
„საპასუხოდ, ნატო-მ საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის მონაწილე ქვეყნების თვითმფრინავები გაგზავნა. მათ შორის იყო რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მოიერიშეები. მათ არ მისცეს საშუალება რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიახლოებოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტი 19 მაისს მოხდა.
ფოტოზე: რუმინეთის ავიაციის კუთვნილი „მიგ-21“