ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები კოსმოსის ალიანსის მოქმედების ახალ სფეროდ აღიარებაზე შეთანხმდნენ
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები კოსმოსის ალიანსის მოქმედების ახალ სფეროდ აღიარებაზე შეთანხმდნენ

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები კოსმოსის ნატო-ს მოქმედების ახალ სფეროდ აღიარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„დღეს მინისტრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს ნატო-ს ადაპტირების გაგრძელებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ კოსმოსი უნდა იყოს ნატო-სთვის ახალი ოპერაციული სფერო, ჰაერთან, ხმელეთთან, ზღვასთან და კიბერსივრცესთან ერთად. კოსმოსი დედამიწაზე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი გამოყენება შესაძლებელია მშვიდობიანი მიზნებისთვის, თუმცა ის შეიძლება, გამოყენებული იყოს აგრესიულადაც. შესაძლებელია სატელიტების დაბლოკვა, მათზე კიბერშეტევა ან მათი იარაღად ქცევა. ანტისატელიტურმა იარაღმა შესაძლოა დაარღვიოს კომუნიკაცია და სხვა მომსახურება, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი საზოგადოება, მათ შორის მოგზაურობა, ამინდის პროგნოზი ან საბანკო სისტემა“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.

ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს. მისი თქმით, კოსმოსის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის იგეგმება.

„კოსმოსი მნიშვნელოვანია ალიანსის თავდაცვისუნარიანობისთვის, მათ შორის ნავიგაციისთვის, დაზვერვისთვის, რაკეტების გაშვების დაფიქსირებისთვის. დედამიწის ორბიტაზე ამჟამად ორი ათასამდე სატელიტი მოძრაობს. მათგან დაახლოებით ნახევარს ნატო-ს ქვეყნები ფლობენ. ნატო-ს არ აქვს კოსმოსში იარაღის განთავსების განზრახვა. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და ჩვენი მიდგომა კვლავ დარჩება საერთაშორისო სამართლის შესაბამისობაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.