ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა, ოთხ პუნქტს მოიცავს.

განცხადებაში მინისტრები ადასტურებენ მტკიცე ტრანსატლანტიკურ კავშირებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, რომლის ცენტრს ნატო წარმოადგენს. მინისტრები აღნიშნავენ, რომ მოკავშირეებს ერთმანეთთან საერთო დემოკრატიული ღირებულებები და გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი ერთგულება აკავშირებთ.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ნატო არის კოლექტიური თავდაცვის საფუძველი.

„ერთად ჩვენ ვადასტურებთ ვაშინგტონის ხელშეკრულებისადმი საზეიმო ერთგულებას, მათ შორის იმას, რომ ერთი მოკავშირის წინააღმდეგ თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ, რაც გამყარებულია მეხუთე მუხლში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით, ნატო ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია, რომელიც უზრუნველყოფს ხუთი მილიარდი ადამიანის თავისუფლებას, ტერიტორიის ერთიანობას და ღირებულებების დაცვას.

„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს რამე საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის. უფრო მეტად საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით ნატო მნიშვნელოვნად აძლიერებს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, ალიანსის პოზიციებსა და მდგრადობას, რასაც ხელს უწყობს შვიდი წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯების ზრდა, უფრო მეტად უნარიანი და მზადმყოფი ძალები, მისიებისა და ოპერაციების მნიშვნელოვანი განვითარება და პარტნიორებთან უფრო ღრმა ჩართულობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრები თანხმდებიან, რომ ევროპასა ჩრდილოეთ ამერიკაში მოკავშირეებმა კოლექტიური უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გააკეთონ. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ნატო ადაპტირებას გააგრძელებს მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის პირობებში.

„რუსეთის აგრესიული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის; ნებისმიერ ფორმისა და გამოვლინების ტერორიზმი რჩება მუდმივ საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის. ავტორიტარული ხელისუფლებები და არასახელმწიფო აქტორები გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო დღის წესრიგს, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეებით, ახალი ტექნოლოგიების მავნებლური გამოყენებით და სხვა ასიმეტრიული საფრთხეებით. „კოვიდ-19“-ის პანდემია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მუდმივად განვითარებადი გამოწვევების წინაშე ვდგავართ; ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვისა და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფას ამ კრიზისის განმავლობაში. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ამ პანდემიას ებრძვის ჩვენს ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოში“, – ნათქვამია ნატო-ს მინისტრების განცხადებაში.

ალიანსის წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა რჩება კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედად და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვან საყრდენად. განცხადების თანახმად, ნატო-ს მომავალი სამიტი გახსნის ახალ თავს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში და დასახავს ალიანსის მომავალ მიმართულებას.