ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის დაგეგმვის დაწყებაზე შეთანხმდნენ
ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის დაგეგმვის დაწყებაზე შეთანხმდნენ

ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის დაგეგმვის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ ეს 100 მილიარდი ევროს ღირებულების ხუთწლიანი ფონდის მეშვეობით გააკეთონ, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მინისტრებმა განაცხადეს, რომ ასეთი ფონდის შექმნა ადვილი არ იქნება.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ „უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ნატო-ს არცერთ წინადადებას, რამაც შესაძლოა, ალიანსი დააახლოოს ომთან ან გადაიყვანოს იგი თავდაცვითი კოალიციიდან შემტევ კოალიციაზე“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გეგმას „სწორი და მნიშვნელოვანი“ უწოდა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგის თქმით, მისი მიზანია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ივლისში დაგეგმილ სამიტზე მიიღონ გადაწყვეტილება.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მხარდაჭერის დინამიკა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში; ნაკლები მოკლევადიანი შეთავაზებებით და მეტი მრავალწლიანი დაპირებებით.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გახდეს ჩვენი მხარდაჭერა უფრო მტკიცე. ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ამ კრიტიკულ მომენტში. დღეს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ წინ წავიდნენ ნატო-ს უფრო დიდი როლის დაგეგმვაში უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნების კოორდინაციაში. დღეს ჩვენ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ფორმატით დავუჭერთ მხარს, თუმცა ჩვენ შევთანხმდით დაგეგმვის დაწყებაზე. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ვიპოვოთ გზა, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ რამდენიმე კვირაში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.