ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და თურქეთის პრეზიდენტმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული მოვლენები განიხილეს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
„გენერალურმა მდივანმა დაადასტურა დიალოგისა და სიტუაციის განმუხტვის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ არსებული სიტუაცია მოკავშირეთა სოლიდარობის სულისკვეთებითა და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით უნდა მოგვარდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე ესაუბრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს.
თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გეოლოგიური სამძებრო სამუშაოები წამოიწყო. საბერძნეთმა მომხდარს უკანონო უწოდა და დასახმარებლად ევროკავშირს მიმართა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნები წამოიწყო. მანევრები 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.