ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშის თანახმად, საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია
ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშის თანახმად, საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის და მოკავშირეებს არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი ძალისხმევა ქვეყნის ნატო-ში გასაწევრიანებლად, –  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საქართველო ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა.

„საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწერვიანებისთვის მომზადებას ემსახურება“, – მითითებულია ანგარიშში.

დოკუმენტი განმარტავს, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს, ესენია: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC); თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა; ლოგისტიკური შესაძლებლობა; სპეციალური ოპერაციების ძალები; დაზვერვა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაცია; კიბერ თავდაცვა; შესყიდვები; ავიაცია; საჰაერო თავდაცვა; საზღვაო უსაფრთხოების განვითარება; სამხედრო პოლიცია; სტრატეგიული კომუნიკაციები; კონტრმობილობა და კრიზისის მენეჯმენტი.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარდაჭერილია დაახლოებით 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექპერტების მიერ ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან. მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე, ახორციელებენ დაფინანსებას წვრთნების, საქართველოს საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობისა და მსუბუქი შეიარაღების მიმართულებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ექვსი ინიციატივის ამოცანები შესრულდება.

ამასთან, როგორც გენერალური მდივნის ანგარიშშია ნათქვამი, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერ თავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.

სხვა ინიციატივები კი, როგორიცაა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, სამხედრო და სამოქალაქო პირებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს მოკავშირეებმა საქართველოსადმი მხარდაჭერის გაზრდის მზადყოფნა გამოხატეს, რომელიც კონტრმობილობის, წვრთნების, უსაფრთხო კომუნიკაციის სფეროებს მოიცავს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2018 წლის ანგარიში დღეს წარადგინა. მისი თქმით, ანგარიში აჩვენებს, რომ ნატო მოდერნიზებას განაგრძობს.