ნატო-ს გენერალური მდივანი - აშშ-ის დარტყმები ირანზე საერთაშორისო სამართლის დარღვევას არ წარმოადგენდა
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, აშშ-ის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ ყოფილა. ამის შესახებ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა მას სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის დარტყმები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს.
რუტეს თქმით, მისი ყველაზე დიდი შიშია, რომ ირანს ბირთვული იარაღი ექნება.
„ამიტომ, ნატო-ს პოზიცია ისაა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ეს იარაღი. არ ვეთანხმები, რომ ეს დარტყმები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა რუტემ.
მანამდე ნორვეგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ამერიკული თავდასხმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენდა.