ნატო-ს ავიაგამანადგურებლებს ბალტიის რეგიონის თავზე საჰაერო სამიზნეების ჩამოგდების უფლება მიეცათ
ავიაგამანადგურებელი F-16, რომელშიც დანიის კრონპრინცი კრისტიანი იმყოფება, სკრიდსტრუპის ავიაბაზის თავზე დაფრინავს. 2025 წლის 13 ოქტომბერი
ბალტიის საჰაერო სივრცის დაცვის (Baltic Air Policing) მისიას ნატო-მ უფლებამოსილება გაუზარდა და ის საჰაერო პატრულირების დონიდან საჰაერო თავდაცვის ოპერაციამდე აამაღლა. ავიაგამანადგურებლების პილოტებს იმ სამიზნეების ჩამოგდების უფლება მიეცათ, რომლებიც საფრთხეს ქმნიან.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნატო-ს ანკარის სამიტზე მიღებული ეს გადაწყვეტილება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაახმოვანა.
ბალტიის საჰაერო სივრცის დაცვის მისიამ ფუნქციონირება 2004 წელს – ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნატო-ში გაწევრიანებისთანავე დაიწყო. ამ სამ ქვეყანას საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავები არ გააჩნია, რის გამოც მათი საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ნატო-ელი მოკავშირეები უზრუნველყოფენ. ავიაგამანადგურებლები, ამ სამი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გამოჩენის შემთხვევაში, მათ ახლოს მიჰყვებიან და ამ სივრციდან აცილებენ ხოლმე.
მისიის ფარგლებში არსებულმა ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა წელს პირველად გახსნეს ცეცხლი. ესტონეთისა და ლატვიის თავზე მათ ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც, წინასწარი შეფასებით, უკრაინული იყო და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე შემთხვევით შეფრინდნენ. ნატო-ში განაცხადეს, რომ მანამდე, ალიანსის თავდაცვის მისიის ფარგლებში, იარაღი არასოდეს გამოუყენებიათ. პატრულირების აქამდე არსებული ფორმატი გათვლილი იყო მშვიდობიან პერიოდზე, როდესაც ავიაგამანადგურებლები ინციდენტებზე მხოლოდ იმით რეაგირებდნენ, რომ შემოჭრილ თვითმფრინავებს საჰაერო სივრციდან აძევებდნენ.
„ამგვარად, ჩვენ ვახდენთ იმის დემონსტრირებას, თუ როგორ ყურადღებას ვაქცევთ ამ ინციდენტებს. ეს შეკავების ერთ-ერთი ფორმაა. ის, რაც დღეს ხდება, აღარ არის სრულიად მშვიდობიანი ვითარება“, – განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ანკარაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მისიის ახალი ფუნქცია საჰაერო საფრთხეებზე უფრო სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა და მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს.
ამჟამად, ბალტიის საჰაერო სივრცის დაცვის თვითმფრინავები ჰაერში ყოველ ჯერზე ადიან, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამ სამი ქვეყნის მახლობლად, საერთაშორისო წყლების თავზე – კალინინგრადის ოლქიდან ფინეთის ყურემდე და თავად რუსეთის მატერიკულ საზღვრებამდე – დაფრინავენ.
მისია 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გაფართოვდა. მასში ახლა ათზე მეტი ავიაგამანადგურებელია ჩართული, რომლებსაც ნატო-ს სამი წევრი ქვეყანა როტაციის წესით გამოყოფს. თვითმფრინავები რეგიონის ორ აეროდრომზეა განთავსებული.
სტატიის ავტორი: დანილო ოსტროვერხოვ-ნოვიცკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)
ფოტოს ავტორი: იდა მარი ოდგაარდი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“