ნატო რუსეთს სამხედრო წვრთნების ჩატარებისას მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს
ნატო რუსეთს სამხედრო წვრთნების ჩატარებისას მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს სამხედრო წვრთნები „დასავლეთი-2021“-ის ჩატარებისას, წვრთნებისა და მონაწილე სამხედროების რაოდენობის შესახებ მეტი ღიაობისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთი უნდა იქცეოდეს ღიად, რადგან არასწორი ინფორმაცია გარკვეული ინციდენტების რისკს ზრდის. სტოლტენბერგის განცხადებით, „დასავლეთის“ სახელწოდებით ცნობილი წინა სამხედრო წვრთნების ჩატარებისას, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან მიმდინარეობდა, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, რუსეთი განგებ ამცირებდა წვრთნებში მონაწილე ტექნიკისა და სამხედროების რაოდენობას.

გარდა ამისა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბელარუსს მოუწოდა, შეწყვიტოს მიგრაციის იარაღად გამოყენება. მისი თქმით, ნატო-მ ლიეტუვაში შესაბამისი ექსპერტების ჯგუფის გაგზავნა გადაწყვიტა, რათა ლიეტუვას დაეხმარონ, წინ აღუდგეს ლუკაშენკოს რეჟიმის ჰიბრიდულ ქმედებებს.

სამხედრო წვრთნები „დასავლეთი-2021“ 10 სექტემბერს დაიწყება. მასში რუსეთის და ბალარუსის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთი 60-დან 70 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას გეგმავს წვრთნებში. რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ წვრთნებში 12 700 სამხედრო იღებს მონაწილეობას.