ნატო - რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ალიანსი და მისი მოკავშირეები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო ინსტრუმენტს გამოიყენებენ საკუთარი თავის დასაცავად
ნატო - რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ალიანსი და მისი მოკავშირეები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო ინსტრუმენტს გამოიყენებენ საკუთარი თავის დასაცავად

რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ნატო და მისი მოკავშირეები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გამოიყენებენ ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო ინსტრუმენტს საკუთარი თავის დასაცავად, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს დილით ესტონეთის მოთხოვნით, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად შეიკრიბა, რაც რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უკავშირდება.

ნატო-ს განცხადების თანახმად, ალიანსი ყველა ზომას მიიღებს ყველა მხრიდან მომავალი საფრთხის შესაკავებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეჭრა რუსეთის სულ უფრო უპასუხისმგებლო ქცევის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური საბჭო მე-4 მუხლის შესაბამისად შეიკრიბა. 10 სექტემბერს საბჭომ კონსულტაციები გამართა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის მასშტაბური დარღვევის საპასუხოდ. განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები ბოლო დროს რამდენიმე სხვა მოკავშირის ტერიტორიაზეც მოხდა, მათ შორის ფინეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიასა და რუმინეთში.

„რუსეთი სრულად არის პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე, რომლებიც ესკალაციას იწვევს, არასწორი გათვლების რისკს ქმნის და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ისინი უნდა შეწყდეს. ნატო-ს პასუხი რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებებზე კვლავ მტკიცე იქნება. მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს პოზიციის გასაძლიერებლად 12 სექტემბერს ჩვენ დავიწყეთ „აღმოსავლეთის მცველი“. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს, ჩვენს შეკავებისა და თავდაცვის პოტენციალს, მათ შორის ეფექტური საჰაერო თავდაცვის გზით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნატო-ს განცხადების თანახმად, ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული აგრესიული ომის წინააღმდეგ თავდაცვის უფლების განხორციელებისას.