ნატო - მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერებაში
ნატო - მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერებაში

ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებულ მსხვერპლს

ნატო-საქართველოს კომისიის ბოლოს ალიანსის ლიდერებმა რვაპუნქტიანი დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებელად გახდება ნატო-ს წევრი. დოკუმენტში ასევე საუბარია ნატო-საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ თანამშრომლობაში მიღწეულ პროგრესზე და დასახულია სამომავლო გეგემები.

დეკლარაციის ტექსტში ნათქვამია, რომ კომისიის სხდომაზე ნატო-ს ლიდერებმა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი მიულოცეს და ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოსა და ალიანსის ურთიერთობები „უნიკალურია“.

„ნატო-ს მოკავშირეები მიესალმნენ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რაც გამოიხატა დემოკრატიულ კონსოლიდაციასა და ეკონომიკის განვითარებაში, თავდაცვითი ინსტიტუტების გაძლიერებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში. საქართველო მოწოდებულია, რომ ეს რეფორმები გაგრძელდეს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული, რომ საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხედრო და სამშვიდობო ოპერაციებში.

„ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებულ მსხვერპლს. ეს ძალისხმევა და საქართველოს ევროკავშირის მისიებში მონაწილეობაც ადასტურებს, რომ საქართველო მოწოდებულია და ძალუძს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს“, – წერია დოკუმენტში.

ნატო-ს ლიდერები ასევე მიესალმებიან საქართველოსა და ნატო-ს პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეულ პროგრესს, რაც „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ქოლგის ქვეშ ხდება“.

„ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში ჩართულნი არიან როგორც მოკავშირეები, ისე ფინეთი და შვედეთიც. ეს პაკეტი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმების გაძლიერებას და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას. ნატო და საქართველო მზად არიან, გააღრმავონ თანამშრომლობა, მათ შორის 2019 წელს ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნების ჩატარება, რომელშიც ნატო-ს მოკავშირეები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილები. ჩვენ ასევე წინ მივიწევთ საქართველოსთან უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებისკენ. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტის მეოთხე მუხლში ნატო-ს ლიდერები საუბრობენ შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით სტრატეგიულ დიალოგში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობაზე. მათვე თქმით, სამომავალოდ დაგეგმილია რამდენიმე ახალი ინიციატივის განხორციელებაც.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს წინადადებას, მეტი ლოგისტიკური მხარდაჭერა შესთავაზოს ნატო-სა და მოკავშირეებს, ასევე ჩატარდეს საქართველოს სანაპირო დაცვის წვრთნები, გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალებთან. მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერებაში. ჩვენ ასევე ველოდებით საქართველოს მონაწილობას ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Sea Guardian)“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მოკავშირეები ასევე მიესალმებიან საქართველოს მთავრობის პროგრესს თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდის კუთხით და ყოვლისმომცველი რეფორმების ჩატარებას, რაც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ.

ამავე დროს, დეკლარაციაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.

„ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც ამ რეგიონებში ხდება. ასევე ვგმობთ ამ რეგიონები მილიტარიზაციას, ისევე, როგორც სხვა აქტივობებს, რაც მოიცავს მავთულხლართების გავლებას და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სხვა ბარიერების დამონტაჟებას. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ეუთო-ს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც საქართველოს თანხმობის გარეშე იმყოფებიან“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

მეშვიდე მუხლში მოკავშირეები ასევე მიესალმებიან საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და მის მიერ აღებულ ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა. ნატო ასევე მიესალმება საქართველო მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ნდობის აღდგენისკენ არის მიმართული.

„ნატო მიესალმება საქართველოს ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მოკავშირეები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომლის მიზანი უნდა იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვით“, – ნათქვამია ნატო-ს დეკლარაციაში.

დოკუმენტის ბოლოს ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ ნატო-საქართველოს კომისიის მნიშვნელობას და იმედოვნებენ, რომ წლიური ეროვნული პროგრამა მომავალშიც მთავარ როლს შეასრულებს ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.